logo
ENG



ნიდერლანდების მთავრობა ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას "სიფრთხილით" ეკიდება

05 დეკ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/97xk3yvnhn0chqd.jpg

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პარლამენტისთვის გაგზავნილი ბოლო დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიდერლანდების მთავრობა "სიფრთხილით" ეკიდება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მიზეზად კომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე შეზღუდულ პროგრესს ასახელებს.

დოკუმენტში, რომელსაც Civil.ge აქვეყნებს, ხაზგასმულია, რომ მთავრობა აღიარებს ევროკომისიის გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების მთავრობა ხაზს უსვამს გაფართოების პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობას.

ნიდერლანდების მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს სამართლებრივი, ფინანსური ან ოპერატიული შედეგები. დოკუმენტის თანახმად, "ეს შესაძლოა უფრო ჩაითვალოს როგორც მკაფიო სიგნალი ევროპული საბჭოს მხრიდან, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისკენაა მიმართული".

ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. ამასთან, აღნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა და აცხადებს, რომ "საქართველოსთან მოლაპარაკებები შესაძლოა მხოლოდ მაშინ დაიწყოს, როცა იქნება მდგრადი პროგრესი კომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებზე".

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ნიდერლანდების მთავრობა დადებითად უყურებს ევროკომისიის რეკომენდაციას 2 ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა